თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ განუცხადა. მისივე თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 12 თებერვალს გაიმართება.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ასევე სხვა საფუძვლები, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რაც შეეხება უშუალოდ იმ საფუძვლებს, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს გახლავთ მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა, ასევე მოწმეებზე ზემოქმედება, რომელთაც შესაძლოა მიაყენონ ზიანი სამართალწარმოებას. რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, სასამართლომ იმსჯელა მის თარიღზე და გადაწყდა, რომ საქმე წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2020 წლის 12 თებერვალს“, - განაცხადა ქუთათელაძემ.
პროკურორის განმარტებით, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაატარებს მასშტაბურ და სრულყოფილ გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
„საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი ჩაატარებს სრულყოფილ, მასშტაბურ, ფორსირებულ გამოძიებას, რომელიც გულისხმობს 24-საათიან რეჟიმში ყველა იმ მტკიცებულებების მოპოვებას, რომელიც მიმართული იქნება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისკენ. ამასთან, აღნიშნული საგამოძიებო ვადის პერიოდში, როგორც მინიმუმ, ეს ვადა არის ამ პერიოდამდე, სანამ გაიმართება წინასასამართლო სხდომა, საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამ პერიოდში თუ გამოიკვეთა ნებისმიერი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ბუნებრივია, საქართველოს გენერალური პროკურატურა იქნება ორგანო, რომელიც მყისიერ რეაგირებას მოახდენს აღნიშნულზე და ნებისმიერ პირს, იმ შემთხვევაში თუ ინსპექტორის სამსახური შეაგროვებს მტკიცებულებებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, ამ შემთხვევაში, განურჩევლად ამ პირის რანგის, თანამდებობის თუ რეგალიისა, მოხდება პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და შემდგომ შესაბამისი სამართალწარმოება. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს როგორც დაზარალებულთა რიცხვი, ასევე, ბრალდებულების რიცხვი. შესაძლოა საქმეზე დამძიმდეს კვალიფიკაცია ან შეიცვალოს, ნებისმიერ პირთან მიმართებით, აქ არ არის საუბარი მხოლოდ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულზე. ეს არის საგამოძიებო ორგანოს ურყევი პოზიცია, რომ საქმეზე მიღებული იქნას ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ობიექტურად დაადგენს თუ რა მოხდა 2019 წლის 10-12 დეკემბერს“ - აღნიშნა ლევან ქუთათელაძემ.