პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, რუსეთთან საუბრისთვის ტექნიკური ფორმატების არაფრის მომცემია, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმით.
პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ სტუმრობისას ისაუბრა ჟენევის ფორმატზე და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზე.
მისი თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პოლიტიკურ რეგისტრში გადატანა არის საჭირო, რადგან, ტექნიკურ დონეზე - ჟენევის მოლაპარაკებების დონეზე ბევრი პრობლემა არ გვარდება.
პრეზიდენტის თქმით, ბიუროკრატია ვერ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც საზოგადოება ელოდება.
„ახლა ძალიან კარგად ვხედავთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის ირგვლივ, თუ რამდენად არაფრის მომცემია ეს ტექნიკური ფორმატები, შედეგიანი არ არის, რადგან ნათელია, რომ ბიუროკრატები ამ შემთხვევაში ვერ იღებენ იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რასაც ველოდებით. ჩვენ ვართ სადღაც გაჩხერილი ამ ტექნიკურ ფორმატებში, რომელსაც ვაგრძელებთ, მაგრამ არაფერი იცვლება. მოვითხოვე პირველივე დღიდან, ვიმუშაოთ იმისკენ, რომ პოლიტიკური მასშტაბი მივცეთ, დავუბრუნოთ, რადგან რეალურად ჟენევა დასაწყისში იყო პოლიტიკურ დონეზე და შემდეგ ჩამოვიდა ამ ტექნიკურ დონეზე“, - აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, მსოფლიოში ყველაფერი იცვლება და ყველა ყველასთან საუბრობს. საქართველო კი, რეალურად არ სარგებლობს ყველა დიპლომატიური რესურსით, მაშინ, როცა უკრაინა მზად არის ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს.
სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, საქართველოსთვის კარგი იქნებოდა ნორმანდიულის ტიპის ფორმატი, სადაც საქართველო, თავის პარტნიორებთან ერთად იქნება, რადგან მარტო მოლაპარაკებების ძალა ქვეყანას არ გააჩნია. იმისათვის, რომ მოლაპარაკებები შედეგიანიიყოს, არ უნდა იყო არათანასწორ მდგომარეობაში.
„ ისმის კითხვა, – ნუთუ, არაფერი შეუძლია ხელისუფლებას, რომ გადაწყვიტოს ეს საკითხი? მე ჩემი გამოცდილებიდან, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მხოლოდ ორი რამე ვიცი – ან ომი, ან დიპლომატია, რომ საკითხი გადაწყვიტო. მესამე გზა არავის გამოუგონია. ჩვენ მესამე გზით მივდივართ იმ მხრივ, რომ ვთხოვთ ჩვენ მეგობრებს, მათ გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური შესაძლებლობები ჩვენ სასარგებლოდ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.