„წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს მოსამართლემ. მედიას ვერ ვადევნებ თვალ-ყურს მთელი დღე, არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სამ წუთში გამოცხადებულ გადაწყვეტილებასა და მოსამართლე ყავლაშვილის სპეციალიზაციაზე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს კითხვები იუსტიციის მინისტრთან.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა დევს საქმეში, წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილება მიიღო დღეს მოსამართლემ. მედიას ვერ ვადევნებ თვალ-ყურს მთელი დღე და არც ის ვიცი, რომელი მოსამართლე გარეგნულად როგორ გამოიყურება და ვის რა სახელი ჰქვია. მე პატივს ვცემ იმ სასამართლოს, რომელიც დღეს არსებობს, მას შესაძლოა, აქვს ბევრი ხარვეზი, მაგრამ ბევრად უკეთესი სასამართლოა, ვიდრე ჩვენ გვქონდა ოთხი წლის წინ. ეს არის პროცესი და ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს, რათა 5-6 წელიწადში ჩვენ გვქონდეს საბოლოოდ იდეალური მართლმსაჯულების სისტემა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.