logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა
- +

13 იანვარი. 2020. 19:13

 

 

„დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს საზოგადოება ნათლად ხედავს კონტრასტს „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკას შორის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

 

გიორგი ვოლსკიმ გასული წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება გაიხსენა, რომელიც  სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მასობრივი ძალადობისკენ მოწოდებასა და მასში მონაწილეობას, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით ამბოხებას გულისხმობს და განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა.

 

„ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა. პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გეზით სვლას“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არა მარტო „ნაცმოძრაობის“, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას, კოორდინირებული მოქმედებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე გაკეთებულ შეფასებებზე.

 

„მან ადრეც გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროპას არ სჭირდება ზედმეტად განვითარებული საქართველო და დასავლეთი კოლონიალისტურ მიდგომებში დაადანაშაულა.

 

უვიზო მიმოსვლის შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დასტურია.

 

უტიფრობაა, რონ ტელეკომპანია „იმედის“ დამრბევი, ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ორგანიზატორი, არაერთი მედია საშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი, „რუსთავი2“-ის მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედი გარემოზე და მის თავისუფლებაზე, თანაც საუბრობს იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაუშვეს.

 

„მიხეილ სააკაშვილი და მის გარშემო შეკრებილი ნაცმოძრაობის ყოფილი და ამჟამინდელი ფრაგმენტები უტიფრად უვლიან გვერდს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თვალსაჩინო, აშკარა წარმატებებს, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დემოკრატიულობის მაჩვენებლებს, მათ შორის მედია თავისუფლების მიმართულებით. არც სტრასბურგის 2019 წლის 18 ივლისის სასამართლოს გადაწყვეტილების გახსენება სურთ მიტაცებული „რუსთავი2“-ის საქმეზე და არც იმ ფაქტისა, რომ მათი სააპელაციო საჩივარი იგივე სასამართლომ განსახილველადაც არ მიიღო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

გიორგი ვოლსკიმ გაიხსნა მიხეილ სააკაშვილის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება საქართველოში ვითარების დაძაბვისა და რევოლუციური სცენარის განვითარების თაობაზე.

 

„თუმცა, მისი გუშინდელი განცხადება არაორაზროვნად უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს და ნათელს ხდის იმ მიზეზს, თუ რატომ გაუჩნდა კითხვები გამოძიებას 20 ივნისის მოვლენებთან მისი პირდაპირი კავშირის შესახებ.

 

ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად „ქართული ოცნების“ სტრატეგია იქნება  განუხრელი და აღიკვეთება ყოველგვარი არეულობისა და დესტაბილიზაციის მცდელობა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს საზოგადოება ნათლად ხედავს კონტრასტს „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკას შორის და სწორად შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner