„რეალურად ჩვენ აფხაზეთში ვხედავთ კრიზისს და ეს კრიზისი არის გამოხატულება იმისა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება ფუნქციონირებს თავისთვის ცალკე და მას ადამიანებისთვის არაფერი სიკეთე არ მოაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიწინიას ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ ადამიანების უსაფრთხოებით და მშვიდობით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროცესები, რომელიც აფხაზეთში ვითარდება, იქნება მშვიდობიან ფარგლებში და არ დაარღვევს კიდევ უფრო მეტად ადამიანების უსაფრთხოებას, ინტერესებს, უფლებებს. რა თქმა უნდა, ე.წ. არჩევნები, ე.წ. მოლაპარაკებები ყველაფერი არის ე.წ. რაც არ უნდა განცხადებები მოვისმინოთ, ეს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის მიღმა დგას. სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პროცესები იქ არასწორი მიმართულებით მიდის და არასწორი მიმართულებით ვითარდება. დე ფაქტო პროცესს და ამ ე.წ. მმართველობას არ მოაქვს ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრება, კეთილდღეობა, ვერ ავითარებს ინფრასტრუქტურას და იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს აფხაზეთს და სამაჩაბლოს ამის გაკეთება ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია და ამის გაკეთება მხოლოდ საქართველოს და მის ხელისუფლებას შეუძლია. ამიტომ რა თქმა უნდა, რაიმე ოფიციალური კომენტარის გაკეთება და ახალი შეთავაზების გაკეთება ჩვენი მხრიდან არ იქნება, გარდა ერთისა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. შეთავაზება გაკეთებულია. ამ პროგრამის თანახმად, ჩვენ ყველა ადამიანს, ვინც აფხაზეთში და სამაჩაბლოში ცხოვრობს, ვთავაზობთ, ისარგებლონ ჯანდაცვით, სოციალური სერვისებით, განათლების სისტემით, საერთაშორისო მოგზაურობით და ბიზნესის შესაძლებლობით, მათ შორის, ბიზნესინიციატივების დაფინანსებით. ამიტომ ეს არის ჩვენი შეთავაზება, ჩვენი ნაბიჯი გაერთიანებისკენ, უკეთესი მომავლისკენ, თანაც ამისთვის ჩვენ არანაირი წინაპირობა არ დაგვიყენებია. კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არ არის პასუხი, რომელიც იქ მცხოვრებ ადამიანებს რეალურად აქვთ. მათ სურთ ამ ყველაფრის გამოყენება. სამწუხაროდ, დე ფაქტო რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია აქამდე ხელს უშლიდა ამ ყველაფერს. რეალურად ჩვენ იქ ვხედავთ კრიზისს და ეს კრიზისი არის გამოხატულება იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ფუნქციონირებს თავისთვის ცალკე და მას ადამიანებისთვის არაფერი სიკეთე არ მოაქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარის, ალხას კვიწინიას განცხადებით, „თბილისთან ისეთი იქნება ურთიერთობა, როგორი დამოკიდებულებაც თბილისს ექნება ჩვენთან“.
„საჭიროა სამშვიდობო შეთანხმება, რომ ომი ჩვენს შორის აღარ იქნება და საქართველოს არ აქვს არანაირი მიზანი, საომარი გზით დაიბრუნოს აფხაზეთი თავის შემადგენლობაში. როცა ასეთი სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ყველაფერ დანარჩენზე მერე ვისაუბროთ“, - განაცხადა კვიწინიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.