logo_geo
eng_logo
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი: დედაეკლესიის დელეგაციამ უარი უნდა ვთქვათ კრეტის კრებაზე დასასწრებად წასვლაზე
- +

12 ივნისი. 2016. 12:29


 

„საქართველოს დედაეკლესიის დელეგაციამ უარი უნდა ვთქვათ კრეტის კრებაზე დასასწრებად წასვლაზე", - ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა სინოდის სხდომაზე განაცხადა.


უცვლელად გთავაზობთ მთავარეპისკოპოს სპირიდონის მიერ წარმოთქმულ სიტყვას წმინდა სინოდის სხდომაზე კრეტის კრებასთან დაკავშირებით:


„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

 

წმინდა სინოდის მღვდელმთავარნო,

 

 1.მსოფლიო საეკლესიო კრებები იმართებოდა ცრუსწავლებათა - მწვალებლობათა გამოვლენისა და შეჩვენების მიზნით. ამით ეს კრებები იცავდნენ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდეს. ხოლო კრება რომლის მოწვევაც უნდათ ამა წლის 16 ივნისიდან კუნძულ კრეტაზე ცდილობს და მიზნად ისახავს ყველანაირი მწვალებლობა - ცრუსწავლება გამოაცხადოს ეკლესიად და ამით ის გაუთანაბროს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას - რომელიც არის ერთადერთი ჭეშმარიტება. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა, დაგმო კრეტის კრების ორგანიზატორების ეს მცდელობა და მიზნები და განაცხადა, რომ თუ კრეტის კრების ორგანიზატორები ცრუსწავლებებს თავის სახელს - მწვალებლობას ანუ ერესს არ დაარქმევენ და არ გამიჯნავენ ჭეშმარიტებისაგან - ანუ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისაგან, მაშინ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია კრების საბოლოო დოკუმენტებს ხელს არ მოაწერს. როგორც ცნობილია, პასუხად ჩვენ მივიღეთ, რომ მიუხედავად ჩვენი პოზიციისა და მოთხოვნისა კრეტის კრების ორგანიზატორები, მაინც ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც მიაჩნიად საჭიროდ და რაც მათ დაუსახავთ მიზნად, და აცხადებენ, რომ მათი ეს გადაწყვეტილებები, რომ თითქოს ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სავალდებულო უნდა იყოს.

 

2. მართლმადიდებელ ეკლესიაში არის სასულიერო პირთა უპირატესობა პატივის მიხედვით. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების საჭეთმპყრობელები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მხოლოდ პატივით, რაც განსაზღვრავს მათი დიპტიხში მოხსენიების ადგილს და წირვალოცვაზე მათი დგომის თანმიმდევრობას. სხვა მხრივ ისინი აბსოლუტურად თანაბარნი არიან და ერთიდაიგივე ხელისუფლება აქვთ. ლათინთა ერესში რომის პაპი სარგებლობს არამარტო უპირატესობით პატივის მიხედვით, არამედ უპირატესობით ხელისუფლების მიხედვით. ხელისუფლებისაკენ ლტოლვა იყო პირველი მიზეზი იმისა, რამაც დასავლეთის ეკლესია პაპიზმის ერესში - მწვალებლობაში ჩააგდო და დასცა. დღეს ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ კრეტის კრების ორგანიზატორებს ეს დამღუპველი სენი ხელისუფლებისაკენ ლტოლვისა - უპირატესობისა ხელისუფლების მიხედვით, ანუ პაპიზმის ერესი სურთ გადმოიტანონ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში და კონსტანტინეპოლის პატრიარქი აღჭურვონ იგივე სახელისუფლებო უფლებებით, რომელიც რომის პაპმა უკანონოდ მიითვისა დასავლეთში. ანუ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში კრეტის კრების ორგანიზატორებს სურთ შემოიტანონ პაპიზმის ერესი, რაც ცხადია, დამღუპველია და სრულიად უცხო და მიუღებელია მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის.

 

3. როგორც ცნობილია, კონსტანტინეპოლის პატრიარქი სჯულისკანონის და წმინდა მამათა გადმოცემის მცნებების იგნორირებით წირვალოცვით ურთიერთობაში იმყოფება რომის პაპთან და პაპიზმს ერესად აღარ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, თუკი აღსრულდება კრეტის კრების ორგანიზატორთა მიზნები და მუქარები და თუკი ისინი შეძლებენ მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავს მოახვიონ კონსტანტინეპოლის პატრიარქის სახელისუფლებო პრიმატი, ეს აუცილებლად გამოიწვევს პაპიზმის დამღუპველი ერესის გაბატონებას მართლმადიდებელ ეკლესიაში, ყველა თავისი სულის წარმწყმედელი შედეგებით.

 

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩემის აზრით, საქართველოს დედაეკლესიის დელეგაციამ უარი უნდა ვთქვათ კრეტის კრებაზე დასასწრებად წასვლაზე.

 

უწმინდესო და უნეტარესო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თქვენი ლოცვით უფალი იესო ქრისტე და დედაღვთისმშობელი დაიცავს საქართველოს დედაეკლესიას და ქართველ ერს და გაიყვანს სამშვიდობოზე.

 

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი".


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner