logo_geo
eng_logo
რა თქვა რეალურად ბიძინა ივანიშვილმა და როგორ დაამახინჯა მისი ნათქვამი მიკერძოებულმა მედიამ
- +

31 იანვარი. 2020. 11:24

 

 

რა თქვა რეალურად ბიძინა ივანიშვილმა და როგორ დაამახინჯა მისი ნათქვამი მიკერძოებულმა მედიამ - „POSTV“-ის გადაცემა „მედიარენტგენი“ ზოგიერთ მედიასაშუალებას ბიძინა ივანიშვილის 2019 წლის 27 ნოემბრის ინტერვიუს იმ მონაკვეთის კონტექსტის დამახინჯებაში ამხელს, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებთან დაკავშირებით საუბრობს.

 

იმის დასტურად, რომ კონტექსტი დამახინჯებული იყო, გადაცემის წამყვანი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ნაწყვეტს იხსენებს.

 

ლიზა გეგეჭკორის თქმით, მიუკერძოებელი ადამიანისთვის სავსებით გასაგები იყო, რა კონტექსტით ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა, რამდენიმე მედიასაშუალებამ აღნიშნული განცხადება კონტექსტიდან ამოგლიჯა, ვრცელი სტატიები დაწერა და შეცდომაში შეიყვანა როგორც მოსახლეობა, ისე უცხოელები.

 

„მათი მცდარი ინტერპრეტაციით, ივანიშვილი ციხით დაემუქრა ოპოზიციას. მოდით, ვნახოთ, როგორ შეიძლება ივანიშვილის სიტყვების პერიფრაზირება, ანუ როგორ გაიგებდა მათ შინაარს არაანგაჟირებული მაყურებელი.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლის არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზა აირჩია. ეს გზა ერთხელ მათ გამოუვიდათ „ვარდების რევოლუციის“ დროს და ამიტომ ისინი კვლავ ამ იდეის მძევლები არიან.

 

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უკანონო გზა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში უპერსპექტივოა. საქართველოში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება, შესაბამისად, ყველანაირი მცდელობა დესტაბილიზაციის, შევარდნისა და დამხობის განწირულია წარუმატებლობისთვის და შემვარდნელებისთვის დასრულდება ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, ზოგიერთი მათგანისთვის დაჭერით და გასამართლებით, ხოლო ზოგიერთისთვის ფიზიკური დაზიანებით სამართალდამცველებთან შეჯახებისას... და თუ ეს კიდევ გაგრძელდება, ანუ უკანონო ქმედებები, ზოგიერთ მათგანს შესაძლოა, კიდევ მოუწიოს კანონის წინაშე პასუხისგება.

 

ერთი ჭკვიანი კაცი რომ ჰყავდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ლიდერებს, აუცილებლად ეტყოდათ, რომ მსგავს ძალადობას პერსპექტივა არ აქვს და დაარწმუნებდა მათ, რომ, თუ არ გაჩერდებიან და ძალადობას განაგრძობენ, ხომ მოუწიათ ზოგიერთს მცირე ხნით, ზოგიერთს დიდი ხნით საპატიმროებში ყოფნა, ეს შეიძლება განმეორდეს.

 

ამასთანავე, მთლიანად ეს ნათქვამი იყო ოპოზიციონერებისთვის თანაგრძნობის კონტექსტში, თუნდაც ეს ფრაზა რად ღირს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ქართველები არიან და არ არიან გადასაყრელი ხალხი“, - ამბობს გადაცემის ავტორი და წამყვანი.

 

მისი თქმით, ცხადია, იმისთვის, რომ სწორად გაიგო ივანიშვილის ნათქვამი, უნდა შეხედო სრულ კონტექსტს, თუ რას საუბრობდა ის მანამდე, როგორ თქვა ეს ყოველივე, რა ინტონაციით და შემდეგ გააკეთო დასკვნები და ანალიზი.

 

„თუმცა, თუ თქვენი მიზანია ბნელ ოთახში იმ კატის დაჭერა, რომელიც იქ არ იმყოფება, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება შეცდომაში შეიყვანო მოსახლეობის ნაწილიც და რამდენიმე უცხოელიც. „მედიარენტგენის“ მთავარი ამოცანა სწორედ მხილებაა, სწორედ ასეთი ფაქტების, რომლებსაც ესა თუ ის მედიასაშუალება თუ მათი კურატორები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამართლებლად იყენებენ და ეს ჩვენთვის ნათელია“, - ამბობს გადაცემის წამყვანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner