რეჟისორი გოგა ხაინდრავა მის მკაცრ იმიჯს, რომლითაც მას საზოგადოება იცნობს, გარემოებებს აბრალებს. რეჟისორი მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი სულიერი კავშირი მეუღლესთან გააჩნია.
გოგა ხაინდრავა ფიქრობს, რომ მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა უფროსმა ძმამ ივლიანემ მოახდინა.
„იმიჯი მაქვს მკაცრი, უშიშარი, ხისტი, მიმწოლი, პრინციპული. უშიშრობაც პირობითია. ნორმალურ ადამიანს რაღაცა დოზით შიში აქვს. ხისტიც არ ვარ, უბრალოდ გააჩნია, რა ვითარებაა და ვისთან მაქვს საქმე, თორემ დამთმობიც ვარ და რბილიც. ჩემს სულიერ მდგომარეობას ჩემი მეუღლე მარიკა ჭიჭინაძე იცნობს ყველაზე კარგად. მარიკა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. ის რომ არ ყოფილიყო, დღევანდელი გოგა ხაინდრავა არ იქნებოდა. საერთოდ ცხოვრება მიყვარს. ადამიანი მიყვარს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ჩემმა მშობლებმა ჩემში და ჩემს ძმებში ჩადეს. ჩემი ძმა ივლიანე ამის მაგალითია. ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ივლიანეს ჩემზე“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ გადაცემაში „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“.
რეჟისორი ივლიანე ხაინდრავას პოლიტიკიდან წასვლას და მის ამ სფეროში მოსვლასაც განმარტავს:
„ივლიანე იმიტომ წავიდა პოლიტიკიდან, რომ წესიერი კაცია. ვეღარ გაუძლო იმას, რადაც გადაიქცა საქართველოში პოლიტიკა. საქართველოში პოლიტიკა ჭაობად გადაიქცა, სამწუხაროდ. ვერ განვითარდა საქართველოში პოლიტიკა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად უცხო სფერო იყო ყოველთვის. მერე ჩემი ცხოვრების გარემოებამ მოიტანა. პოლიტიკაში წასვლა გარკვეულწილად შეიძლება ფარიც იყო, რომ ჩემი ოჯახი დამეცვა. პოლიტიკა არაა ჩემი სამყარო და არასოდეს მომწონდა იქ ყოფნა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.