თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის მეუღლე, თამარ ხელაია ორი წელია მის ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. მარტოხელა დედა, უმკლავდება ტკივილს და მეუღლის გარეშე დარჩენილი ოჯახის სირთულეებს.
როგორც თამარ ხელაიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, დამნაშავედ არამარტო ტერორისტებს, იმ ადამიანებსაც თვლის, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ახმედ ჩატაევის და მასთან დაკავშირებული ადამიანების საზოგადოებაში ყოფნას.
„ათასობით ოჯახი შეიძლება გაუბედურებულიყო და გამწარებულიყო, როგორც ჩვენი ოჯახი. ეს ტრაგედია ათასობით ადამიანს შეიძლება გამოეცადა ტერორისტების მეშვეობით. ჩემთვის ტერორისტებიც დამნაშავეები არიან და ის ადამიანებიც, რომელბმაც ისინი მოიყვანეს ჩვენამდე და ამაში ხელი შეუწყვეს. ფაქტობრივად, ისინი მისი თანამოაზრეები არიან. ჩემი თავი არ მეცოდება ისე, როგორც ბავშვები. სწყდებათ გული, სხვებს მამა რომ ჰყავთ, მათ - არა. სჭირდებათ მამა გვერდზე. ათასი გამოწვევა და პრობლემაა ცხოვრებაში და მარტო ძნელია გამკლავება“, - განაცხადა თამარ ხელაიამ.