სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს, კავშირი ჰქონდა ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან და იცოდა, რომ მსოფლიო დონის ტერორისტი ახმედ ჩატაევი საქართველოში იყო შემოსული.
როგორც ირაკლი ჩიმაკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ჰყვება, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მის ოჯახში სტუმრად, ჩატაევის დაჯგუფების წევრები, ბორზიევი და სოლტახმედოვი იმყოფებოდნენ, თუმცა არ იცოდა, რომ ისინი ტერორისტები იყვნენ.
„მალხაზ მაჩალიკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩატაევის დაჯგუფების წევრები – ბორზიევი და სოლტახმედოვი მასთან სახლში იმყოფებოდნენ და სტუმრებს ჩაითაც გაუმასპინძლდა, თუმცა, ამბობს – არ ვიცოდი, რომ ისინი ჩატაევთან და ტერორიზმთან იყვნენ დაკავშირებულიო, რაც აბსურდია. თემირლან მაჩალიკაშვილის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ფოტოსურათი, რომელზეც სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფი ბორზიევია ასახული, ავტომატით ხელში. ფოტოზე ასევე ჩანს ბორზიევის უკან მდგარი „ტოიოტას“ მარკის პიკაპი, რომელსაც ნატყვიარები ეტყობა და ზედ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშაა დამაგრებული, თუნდაც მარტო ეს ფაქტი მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმაც, მალხაზ მაჩალიკაშვილმაც და სხვებმაც, რომლებიც ჩატაევის დაჯგუფებას ეხმარებოდნენ, იცოდნენ, რომ ბორზიევი და სოლტახმედოვი ტერორისტები იყვნენ“, - განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ.
ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, ახმედ ჩატაევის საქართველოში ჩამოსვლა, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ცნობილი იყო. მისი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე, ახმედ ჩატაევის ერთ-ერთი ცოლის ნათესავია.
„ფაქტია, რომ ჩატაევმა საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმისთანავე თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკა, ამ ნომრიდან კი რამდენიმე წუთში მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაირეკა. ეს მიუთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმაც და მალხაზ მაჩალიკაშვილმაც ჩატაევის საქართველოში შემოსვლის შესახებ იმავე დღეს იცოდნენ. და კიდევ: მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე ახმედ ჩატაევის ერთ-ერთი ცოლის ახლო ნათესავია,“ - განაცხადა ირალი ჩიმაკაძემ.
ირაკლი ჩიმაკაძის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ვერ იხსენებს, ვინ ესაუბრა მისი შვილის სახელზე გაფორმებული ტელეფონის ნომრიდან, რომელზეც ჩატაევმა საქართველოში შემოსვლისთანავე დარეკა.
„მალხაზ მაჩალიკაშვილი ვერ იხსენებს ან არ უნდა, რომ გაიხსენოს!“ - აღნიშნავს ჩიმაკაძე.