logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: 50 მილიონის გაფლანგვაზეა საუბარი!
- +

12 თებერვალი. 2020. 02:06

 

 

არ შეიძლება ადამიანი იყო პოლიტიკაში და პოლიტიკურ სარჩულს ეფარებოდე, - ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს.

 

როგორც ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. შესაბამისად, დაუშვებელია, საზოგადოებას გაუგზავნო გზავნილი - პოლიტიკოსს დანაშაულზე პასუხი არ მოეთხოვება.

 

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა ქვეყანაში პროკურატურასა და სასამართლოს კუთხით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა, რომელსაც დასავლელი პარტნიორებიც აღიარებენ.

 

ჩვენ გავატარეთ რეფორმა, რომელიც უკავშირდება სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღას, რომელიც უმნიშვნელოვანესია სასამართლოს გაძლიერებისთვის. სასამართლოსა და მოსამართლის კიდევ უფრო დამოუკიდებლობისთვის, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ მიესალმა. ამერიკასთან ერთად ამ რეფორმას მიესალმა ევროკავშირი. სხვათა შორის, იმ ოპოზიციამ, რომელიც დღეს საუბრობს, რომ მათ სურთ კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, ამ პროექტებს მხარი არ დაუჭირეს. ჩვენ გავატარეთ რეფორმა პროკურატურასთან მიმართებაში. პროკურატურა დღეს არ არის მთავრობის დაქვემდებარებაში. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც გენერალური პროკურორი იუსტიციის მინისტრი იყო და ამავდროულად ის მთავრობის წევრი იყო. ანუ, პოლიტიკური გუნდის წევრი იყო. დღეს პროკურატურა გავიტანეთ მთავრობის ფარგლებს მიღმა და დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. არ შეიძლება ეს რეფორმები არ დაინახო და თვალი არ გაუსწორო და არ შეიძლება პოლიტიკა შეიტანო იქ, სადაც სისტემები მხოლოდ კანონსა და კონსტიტუციას ემორჩილებიან. არ შეიძლება თქვა, რომ მე თუ პოლიტიკაში ვარ მსხვერპლი ვარ მე და 50 მილიონის გაფლანგვის საქმეზეა საუბარი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, კორუფციული საქმეების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული ბათუმის, ფოთისა და ზუგდიდის მერები, წყალტუბოსა და ფოთში კი საკრებულოს თავმჯდომარეები.

 

პრინციპი, რომ ვინმე ამოეფაროს პოლიტიკურ სარჩულს, მიუღებლად უნდა გამოვაცხადოთ ჩვენც და საზოგადოებამაც. არ შეიძლება ადამიანი იყო პოლიტიკაში და პოლიტიკურ სარჩულს ეფარებოდე. რაც შეეხება უშუალოდ უგულავას საქმებსა და განცხადებებს, ამ ადამიანების მთავარი ამოცანაა დეზინფორმაცია გაავრცელონ. ეს ხალხი კოლექტიური ბათუ ქუთელიები არიან, რომლებიც სიცრუეს ტირაჟირებენ. ცდილობენ საზოგადოება იმით შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს დღეს საქართველოში ამ რეფორმების პირობებში ვინმემ გაბედა და ეს ადამიანი ერთ სისხლის სამართლებრივ საქმეზე ორჯერ გამოაცხადა მსჯავრდებულად. ეს არის აბსურდის თეატრი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

 

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner