„ჩვენი დასავლელი მეგობრების სურვილია, ოპოზიცია არ გაქრეს და აქედან გამომდინარე მოგვიწოდებენ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა შედგეს დისკუსია და დიალოგი. ამას ეფუძნება ჩვენი შეთავაზებაც, 100/50 მოდელის თაობაზე. ეს არის ის მოდელი, რომელიც ამ სუსტი ოპოზიციის არსებობას და შენარჩუნებას უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარეც გამოვედით ჩვენ ამ ინიციატივით და საბოლოო ჯამში, ახლა შეუძლია ოპოზიციას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, მას შეუძლია ან თვითონ გამოაცხადოს თვითლიკვიდაცია ან დარჩეს პოლიტიკურ სივრცეში”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს, შეთანხმება ოპოზიციას და ხელსუფლებას შორის თებერვლის ბოლომდე უნდა იყოს მიღწეული.
„საკანონმდებლო პროცესს ესაჭიროება დაახლოებით 4 თვე, შესაბამისად, ჩვენ თებერვლის ბოლოს მაინც უნდა დავიწყოთ პროცესი იმისათვის, რომ ივნისის ბოლომდე დავასრულოთ. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე უკვე მიღწეული უნდა იყოს შეთანხმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.