მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველო-ევროკავშირის სხდომაზე რეზოლუციის არმიღებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და აცხადებს, რომ ეს შედეგი ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, ამისთვის განსაკუთრებით „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებთან იმუშავეს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტებს რეზოლუციის ტექსტში არასწორი ინფორმაციის შეტანა უნდოდათ, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო.
„რეზოლუციაზე როდესაც მიდიოდა მუშაობა, მათ სურდათ განხორციელებულიყო შესწორებები, ანუ ჩაწერილიყო სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რასაც, რა თქმა უნდა, არ მოჰყვა მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან და ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტუმრობისას.
მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციისთვის, კერძო ინტერესები ისევ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას.
„ყველაზე დიდი უბედურობა არის ის, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, ცდილობენ, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის ევროინტეგრაციას. ჩვენ გვახსოვს პროცესი, როდესაც ვიზალიბერალიზაციის მიღება ხდებოდა, თუ როგორ დარბოდნენ ოთახებიდან ოთახებში, რომ, როგორმე ხელი შეეშალათ. ეს არის ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს საზოგადოება გააოცეს და აჩვენეს ყველას, თუ როგორი არ უნდა იყო ხელისუფალი, როდესაც ხარ ხელისუფლებაში და დღეს ისინი აჩვენებენ ყველას, როგორი არ უნდა იყო ოპოზიციაში“, - აღნიშნა თბილისი მერმა.
მან განმარტა, რომ კომიტეტის სხდომის რეზოლუციის გარეშე დასრულება საგანგაშო არ არის და მომდევნო სხდომაზე მას აუცილებლად მიიღებენ.