„ირაკლი შოთაძე მოქმედი ხელისუფლების ყველაზე ეფექტური პროკურორი იყო, ყველაზე მეტი საქმე აღძრა, ყველაზე მეტი გაბედა და ყველაზე ნაკლებად გაუწია ანგარიში პოლიტიკურ დღის წესრიგს“, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენისას განაცხადა.
ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, რომ პირადად მას არ აქვს ნეგატიური განწყობა, თუ გენერალურ პროკურორად შოთაძე ხელახლა დაინიშნება.
„ბატონო ირაკლი, ივანიშვილის მთავრობის ყველაზე ეფექტური პროკურორი ბრძანდებით, ყველაზე მეტი საქმე აღძარით, ყველაზე მეტი გაბედეთ და ყველაზე ნაკლებად გაუწიეთ პოლიტიკურ დღის წესრიგს ანგარიში. შესაბამისად, მე სულ არ მაქვს ნეგატიური განწყობა თქვენი ხელახლა დანიშვნის მიმართ. პირიქით, მაქვს რაღაც პოზიტიური მოლოდინი“, – მიმართა ჯონდი ბაღათურიამ ირაკლი შოთაძეს.