„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე თვლის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს, რის გამოც პოლიტიკურ პარტიებს მოსალაპარაკებლად მოუწოდებს.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსენსუსს ვერ მიაღწევს, არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.
„ამას მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამერიკა მაქვს მხედველობაში, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და რაღაც კონსენსუსის მიღწევა. თუ ისინი არ დათანხმდებიან ამას და ვერ მივაღწევთ კონსენსუსს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები არსებული შერეული სისტემით ჩატარდება.
ჩვენი მხრიდან გაჟღერებული იყო 100/50-ზე, რომელიც ოპტიმალური ვატიანტია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გარკვეული საკითხი, რომელიც შესათანხმებელია დიალოგის დროს და არა ასე ბრიფინგებით და ინტერვიუებით, შესაბამისად, დიალოგი არის მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს გარკვეული შეთანხმება.
ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, მათ წარმომადგენლებს, ასევე მზად ვართ, შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობაც მათ აქვთ და ამის პრობლემა არ არსებობს“,-განაცხადა კახა კალაძემ.