“ეს ადამიანები რუსეთის თემაზე საერთოდ ნუ ლაპარაკობენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნს აჟღერებენ და თავის დროზე იმ რეზოლუციას უჭერდნენ მხარს, რომელიც მხოლოდ რუსეთს აწყობდა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, სიტყვით პატრიოტიზმი და სიტყვით პროდასავლურობა არ ჭრის, რადგან ხალხი უკვე ყველაფერს ხვდება
„თქვენ ალბათ გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ. როგორც კი ოპოზიციამ ნორმალური იდეა გაახმოვანა, იმ წუთას დავეთანხმეთ და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რომ ეს სია მიგვეღო. ჩვენი გუნდის განწყობა იყო, რომ ეს სია მიღებული ყოფილიყო, რაც გამოგვადგებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით, რომ რუსეთზე ზეწოლა ამ მიმართულებითაც გაძლიერებულიყო. წერია, რომ სიაში მსჯავრდებული და ბრალდებული პირები უნდა მოხვდნენ. დღეს თუ ვინმე ამბობს, რომ ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არაფერ შუაში არიან, ამ სტატუსს არ ახსენებენ და თურმე, სიაში ვიღაც არ მოხვდა, უბრალოდ იტყუებიან და სპეკულირებენ. მსჯავრდებას და ბრალდებას გარკვეული სტანდარტი სჭირდება. კონკრეტულ შემთხვევებში ამ სტანდარტის არარსებობის გამო, მხოლოდ პოლიტიკურად შეგვიძლია მივუთითოთ, დამნაშავე ვინ არის. ზოგადად, დამნაშავე რუსეთი და ოკუპანტია. ოკუპაციისა და საზარელი დანაშაულების ფონზე, რაც ე.წ. საზღვარზე, საოკუპაციო ზოლთან ხდება, ამ თემით სპეკულირება ერთ-ერთი ყველაზე ბინძური პოლიტიკური სვლაა. ეს ადამიანები რუსეთის თემაზე საერთოდ ნუ ლაპარაკობენ, რომლებიც საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნს აჟღერებენ და თავის დროზე იმ რეზოლუციას უჭერდნენ მხარს, რომელიც მხოლოდ რუსეთს აწყობდა. სიტყვით პატრიოტიზმი და სიტყვით პროდასავლურობა არ ჭრის, რადგან ხალხი უკვე ყველაფერს ხვდება. ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ და ამ შემთხვევაში სპეკულირებენ და ხალხს ატყუებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.