საჩხერეში, სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქიდან სამმა დაწესებულება უკვე დატოვა.
სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, ამ პირებმა სასტუმრო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე დატოვეს და საკუთარ საცხოვრებლებში თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ექიმის განცხადებით, მოქალაქეებმა წასვლის სურვილი თავად გამოთქვეს. შემოწმდა, რამდენად სათანადოდ იყო მათი ბინა იზოლირებული და სასტუმრო ამის შემდეგ დატოვეს.
რაც შეეხება 31 მოქალაქეს, მაია ხელაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ისინი მერვე დღეა იზოლირებული არიან და საკარანტინო რეჟიმს ერთ კვირაში დაასრულებენ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის მამაკაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქვეყნის ყველა აეროპორტი გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული.
საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.
ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.