თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს.
ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
„არსებობდა მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი,“ - აცხადებენ უწყებაში.