ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იაფი ქართველების ამბავი
ახლახანს ვუსმინე ამირან გამყრელიძის ბრიფინგს: ძირითადად იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან, რომ მაღალი ტემპერატურა აქვთ, სიცხის დამწევ მედიკამენტებს იღებენ, რათა საზღვარზე შემოწმების შემდეგ კარანტინში მოხვედრას თავი აარიდონო.
აკადემიური კაცის ეს აკადემიური ნათქვამი რომ გადმოვახალხუროთ, ასეთი ამბავია: საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც მოქალაქედ მხოლოდ სტატისტიკის გამო ითვლება, თორემ მოქალაქეობრივი თვითშეგნების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა არაფერი სცხია, საბაჟოზე სამედიცინო კონტროლის დროს მამაძაღლობს და ცდილობს მოატყუოს არა თერმომეტრი, არამედ საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობს და რომლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც, წესით, ისე უნდა უფრთხილდებოდეს, როგორც საკუთარს.
კი მაგრამ, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას არ უფრთხილდება, სხვისას როგორღა მოუფრთხილდებაო?- გაიკვირვებით, ალბათ.
როდესაც ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას არ უფრთხილდება, ეს მისივე უკულტურობასა და დაბალ შეგნებაზე მეტყველებს, მაგრამ როცა ადამიანი არ უფრთხილდება და რისკის ქვეშ აყენებს სხვათა ჯანმრთელობას, ეს უკვე მავნებლობაა და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ეს მავნებლობა შეგნებულია თუ სიბრიყვისა და იდიოტიზმის ნაყოფია.
ეს ჩამომსვლელებს რაც შეეხება და წამსვლელებისა კიდევ ცალკე ამბავია: გაიგეს ქართველებმა, რომ იტალიაში კორონავირუსის მოდების გამო თვითმფრინავის ბილეთები იაფად იშოვება, ადგილზე კი სასტუმროების ფასი განახევრებულიაო და აბა, ჰე, წავიდა და წავიდა.
მიდიან რისთვის? დანტესთვის? მიქელანჯელოსთვის? და ვინჩისთვის? ვერდისთვის? უფიცისთვის? ლა სკალასთვის? წმინდა პეტრესთვის? ბოლოს და ბოლოს, საქართველოსა და რუსთველის დამფასებელი უმბერტო ეკოსთვის? ბევრი სხვა ასეთი რამისთვის? რა თქმა უნდა, არა. ამეების ფასის მცოდნე ადამიანი კულტურული და განათლებული ადამიანია, კულტურული და განათლებული ადამიანი კი იაფი ბილეთისა და იაფი სასტუმროს გამო არ ტუცავს თავს იქ, სადაც სიკვდილის საფრთხეა და სადაც წასვლისაგან თავის შეკავებას ურჩევენ პროფესიონალი ექიმები, რომლებსაც ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე აბარიათ.
აბა, რისთვის მიდიან? იმისთვის, რომ რახან ვირუსი მძვინვარებს და სხვა ქვეყნების მოქალაქეები იტალიაში ჩასვლისაგან თავს იკავებენ, რახან ბილეთი და სასტუმრო იაფია, ე.ი. ,შმოტკებიც იაფი იქნება. წამო, შევესიოთ მაღაზიებს და მერე: აუ, გოგო, რა მაგარი ზედა გაცვია. ხო, გოგო, მილანში ვიყიდე. რაღაც ძველი, დანგრეული შენობა რომ არის, იმის ფონზე სელფი. რაღაც გადაღუნული კოშკი რომ დგას, იქაც სელფი. მოიცა, ინსტაგრამზე არ დადო, თორემ, გაიასნდება იტალიაში რომ ვიყავით და საქართველოში რომ ჩავალთ, კარანტინში გაგვიშვებენ. მოიცა, რა კარანტინი, ძლივს იტალიაში მოვხვდი და ფოტოც აღარ დავდო? რამდენი ლაიქი აქვს? აუ, იტალიაში პიცას სულ სხვა გემო აქვს. ნაღდი ლავაცას გემო თუ გინდა, იქ უნდა დალიო...
სიცხის დამწევ წამლებს სვამენ, რომ დაბრუნების დროს საზღვარზე მონიტორინგის ჯგუფი მოატყუონო - ამირან გამყრელიძემ თქვა და არ დაუმატებია, რომ ქაჯობა და გოიმობა ყველანაირ ვირუსზე ფინთი ვირუსია, მაგრამ მე ვამატებ: ქაჯებო და გოიმებო, დაეტიეთ აქ. იაფ ბილეთთან და იაფ სასტუმროსთან ერთად იაფ სიკვდილს ნუ მოიშოპინგებთ. გახსოვდეთ: ადამიანი ცხოველისაგან იმით განსხვავდება, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, გრძნობდეს უნდა,“ - წერს ჯაბა ხუბუა.