„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ინფექციის ზრდა ორი თვის განმავლობაში თანდათან შემცირდება. დღეს, ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად არის მომზადებული მსგავს ინფექციებთან საბრძოლველად, ვიდრე ეს 5, 10, 15, 20 წლის წინ იყო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გემყრელიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ტექნოლოგიები განვითარდა და სამედიცინო ქსელი უფრო მეტად არის მომზადებული. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 80%-ში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, 15% მწვავედ, 5% კრიტიკულად.
ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 19 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„დღეს ორ ეტაპად აიღეს 14 პაციენტზე სისხლი. მათგან ყველას უარყოფითი აქვს, ანუ კორონავირუსი არ აღმოჩნდა. ამჟამად არის 19 პაციენტი. ისევ ველოდებით 8 პაციენტის პასუხს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ენდელაძემ.
ასევე ცნობილია, რომ კლინიკაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები რჩებიან. მათი ნაწილი ირანიდანაა ჩამოსული, ნაწილი კი იტალიიდან.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.
ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 870-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 79 824-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.