1992 წელს სასტიკად მოკლული ძმები თორაძეების და, თამუნა თორაძე გიორგი (ჟორიკა) რურუას სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართავს და სთხოვს მისი ორი გაუჩინარებული ძმის ადგილსამყოფელის დასახელებას:
„დრომ და სიჩუმემ შურისძიების ცეცხლი ვერ გამინელა... დიდი ხანია ყურადღებით გაკვირდები შენ და შენს „ბოროტ“ ყოფილ მეგობრებს. „ვტკბები“ თქვენი უღმერთობით. არადა „ქრისტეს მეომრად შერაცხულ“ მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ ღმერთის ხელი სადაც არ ურევია, ყველაფერი ინგრევა და ნადგურდება... სატანას არ უყვარს, დროში გაწელილი მეგობრობა... ალბათ, ხვდები, რომ შენს ნაცებისდროინდელ თამაშს, დღეს ოცნების „ვარსკვლავბიჭუნები“ თამაშობენ? როგორ გაგწირეს „მეგობრებმა“? მიგატოვეს ზარალამ, ლერიმ, ტილიკებმა, მუსტაფებმა...
მაგრამ იცოდე, მე არასდროს მიგატოვებ! უნდა თქვა, სად წაიყვანე ზაზა და პაატა თუ გინდა, რომ თავი დაგანებო. ისე შეგაწუხებენ შენ მიერ არაკაცურად ჩახოცილი ბიჭების აჩრდილები, რომ სურვილი დაგახრჩობს, მოჰყვე, რატომ ჩამიცხრილე ოჯახი! საზოგადოება ინტერესით მოისმენს შენს „აღსარებას“ და შეიძლება შენ სინანულის გრძნობა გეწვიოს და საზოგადოებამ „ცოტათი“ შეგიბრალოს... იმედია, გადაწყვეტილებას დროულად მიიღებ. სანამ შენი „ერთგული ძმაკაცები“ მოგიშორებენ! მე გადაგეფარები იცოდე. შენ დიდხანს უნდა იცოცხლო და ის დაინახო, რაც უნდა დაინახო!!!
გაგახსენებ, „მებრძოლო ვაჟკაცო“, მტერიც კი აბრუნებს მკვდარ მტერს! ქრისტიანი ხარ, როგორც ამბობ! შენი ქრისტიანული ვალია ჩემი ნაწამები, მოკლული ძმების ცხედრები დამიბრუნო. სადაც გინდა, იქ წაიღე ეს წერილი და რაც გინდა ის უქენი! იცოდე, რომ მე სულ შენთან ვარ! წამით არ გტოვებ! შენი და „ბოროტების“ ხროვას, თქვენ მიერ უმოწყალოდ ამოხოცილი ჩემი ოჯახის შვიდი წევრის აჩრდილები გითვალთვალებენ... მიცვალებულების შურისძიება დაწყებულია... შენ კი აღსარებამდე ცოტა დრო დაგრჩა MEMENTO MORI ჟორიკ!“ - წერს თამარ თორაძე.