პარლამენტში პლენარული სესია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს, დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილმა შესავალ სიტყვაში საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„საქართველოს უმძიმესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. დღევანდელი გამოწვევები მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ ვლინდება და არც ერთი ქვეყნის საზღვრებით შემოიფარგლება. დღეს ყველა დიდი გამოწვევა გლობალურ მასშტაბს იძენს და არავინ იცის, სად ამოფეთქავს და სანამდე გავრცელდება. ამის უახლესი მაგალითია ახალი ვირუსული დაავადება, რომელიც ჯანდაცვის ფარგლებს სცილდება და პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური შედეგებით იზომება.
უმუშევრობის, განსხვავებული აზრისა და რწმენის შიში პირდაპირ კვებავს პოპულიზმს, რომელიც ხან საზღვრების ხელახლა გამკაცრებას ქადაგებს, ხან - კედლების აღმართვას, ხან სხვის სიძულვილს.
ჩვენ თვალწინ ახალი საერთაშორისო ურთიერთობები ყალიბდება ამერიკას, ევროკავშირსა თუ რუსეთს შორის, ახლო აღმოსავლეთსა თუ შორეულ აზიაში. გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ, ან - პირიქით. ამ ახალი ურთიერთობების განმსაზღვრელი არის სრული პრაგმატიზმი - ანუ საკუთარი ქვეყნის ინტერესები, რასაც არც ერთი იდეოლოგია აღარ ნიღბავს.
მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები ჩვენზეც ისახება.
დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსითისა და გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, როგორიც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო - როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას.
ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან; რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; როგორ არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც, გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრებს.
ჩვენი რეგიონის ირგვლივ არ ცხრება კრიზისები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ამავე დროს, საქართველოს წინაშეა საკუთარი, უმძიმესი გამოწვევები: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები; რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან და სუვერენობასთან კვლავინდებურად შეუგუებელია და მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის.
ბოლო პერიოდში გაჩნდა ჩვენთვის ახალი და მძიმე გამოწვევა - მიგრაციის უწყვეტი ტალღა, რომელიც ისედაც რთულ დემოგრაფიულ მდგომარეობას უფრო ამძიმებს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.