logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა მე-4 დაინფიცირებულს უკავშირდება
- +

5 მარტი. 2020. 22:13

 

 

“კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა მე-4 დაინფიცირებულს  უკავშირდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული პირები იტალიაში მამაკაცთან ერთად იმყოფებოდნენ.

 

 

მისივე თქმით, უკვე გამოიკვლიეს მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირი და მათგან ხუთს კორონავირუსი დაუდასტურდა, დანარჩენი კონტაქტების კვლევა გრძელდება.

 

 

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის  9 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ყველა შემთხვევა  დაკავშირებულია იტალიასთან.  მისი თქმით, აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი და  ძირითადად არის ოჯახური შემთხვევები,  რომლებიც იყვნენ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში.

 

 

"მეოთხე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების უმრავლესობა დადგენილია, ზოგიერთი კონტაქტი შეფასდა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა და მათგან აღებული იქნა შესაბამისი ბიოლოგიური ნიმუშები და გაიტესტა ლუგარში. ყველა ეს კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან, ამ აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და კვირას დაბრუნდნენ საქართველოში. 5 ადამიანი დღეს საღამოს იქნა მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს ამ 5 პაციენტის კონტაქტების კვლევა და იდენტიფიცირება.

 

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დღეს  დილით დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც  ქვეყანაში იტალიიდან კვირას დაბრუნდა. ის ამ ხნის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, კლინიკას კი გუშინ მიმართა. კორონავირუსის მქონე მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის რთულია, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

 

 

მედიკოსთა ინფორმაციით, დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი COVID 19 პირველად 2019 წლის ბოლოს ჩინეთში დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების კუთხით მაღალი რისკის ქვეყნებად ითვლება ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. საქართველოსი ახალი კორონავირუსი სწორედ იმ პირებს დაუდგინდათ, რომლებმაც იტალიასა და ირანში იმოგზაურეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner