დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეცამეტე კორპუსთან და ქურდიანის ქუჩის N9-ში მიწისქვეშა კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარებს. პროექტის ფარგლებში, მოძველებული წყალსადენისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება.
მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, „ აიტი სერვისი“ 29 470 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდგომ, აღნიშნულ მისამართებზე ასფალტის საფარი მოწესრიგდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელთა შორის სახურავის, ლიფტის, წყალარინების შიდა და გარე ქსელების რეაბილიტაცია, ასევე, ოთხ სართულამდე შენობის ან/და მისი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საპროექტო სამუშაოები შედის, გამგეობა კვლავ 100%-ით აფინანსებს.
დაფინანსების მიღების პარალელურად, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის (სახურავის, წყალარინების ქსელის, ლიფტის, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და შენობის გამაგრება) რეაბილიტაციის დროს ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% შეაგროვოს, ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
რაც შეეხება საერთო სარგებლობის დანარჩენი ინფრასტრუქტურის (კიბე, სადარბაზო, კარი) რეაბილიტაციას, ამ შემთხვევაში, ამხანაგობამ ანგარიშზე სამუშაოების ღირებულების 10% უნდა განათავსოს და აღნიშნული თანხა კვლავ საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმაროს.