logo_geo
eng_logo
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 22.5 მეგავატიანი ღუმლის კაპიტალური რემონტი დასრულდა
- +

25 მარტი. 2020. 21:45

 

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 22.5 მეგავატიანი ღუმლის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ის ექსპლუატაციაში გაეშვა. პროექტის განხორციელებას 6 თვე და 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდა. ღუმელი დღეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას 10%-ით გაზრდის.

კაპიტალური რემონტის პროექტის განხორციელებაში ძირითადად ქარხნის ტექნოლოგიური, საპროექტო, მექანიკური, სამშენებლო, ენერგეტიკის, მეტროლოგიისა და ავტომატიკის სამსახურები იყვნენ ჩართული.

ნიკოლოზ ჩიქოვანი, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი:

„ჯორჯიან მანგანეზს“ თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უკავია და დღეს შექმნილ რთულ სიტუაციაში, როდესაც ვირუსის გავრცელების გამო ასობით კომპანია გაჩერებულია, დაკარგულია უამრავი სამუშაო ადგილი, ეროვნული ვალუტა მკვეთრ ვარდნას განიცდის - კომპანიის შეუფერხებელი წარმოება უმნიშვნელოვანესია. ეს კარგად ესმის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც ეპიდემიის გავრცელების არცერთ ეტაპზე მუშაობა არ შეუჩერებიათ.

ქვეყანას დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ექსპორტი და სავალუტო ნაკადების შემოდინება. „ჯორჯიან-მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა არათუ ინარჩუნებს სრულ საოპერაციო ციკლს, არამედ ზრდის კიდეც წარმოებას, რაც მისასალმებელია.

ახალი, მძლავრი ღუმლის პროექტში კომპანიამ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა მთავარი ინვესტიცია ჩვენი თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოა - საპროექტო, ტექნოლოგიური, სამშენებლო, მექანიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების სამსახურების პროფესიონალთა უწყვეტი გუნდური მუშაობა თვეების განმავლობაში - რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ ურთულეს პერიოდში ნაყოფს მოიტანს: გაიზრდება სილიკო-მანგანუმის გამოშვება, ექსპორტი და ეს „ჯორჯიან მანგანეზს“ რეგიონში ათასობით სამუშაო ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

 

ვასილ გველესიანი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი:

 

„ახალი ქართული ღუმელი ახალი სიტყვაა წარმოებაში. საწარმოო პროცესი აქ დახურული ციკლით წარიმართება და გარემოში მავნე მტვრის გაფრქვევას სრულად აღკვეთავს. ღუმელი ფეროს ნოუ-ჰაუა და მთლიანად ქართველ პროგრამისტთა მიერ შექმნილი ტექნოლოგიით არის აწყობილი. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ღუმლის გამართულობაზე ზედამხედველობას ადგილობრივი ინჟინრები საკუთარი ძალებით, უცხოელი ტექნოლოგების მოწვევის გარეშე შეძლებენ.

„ ჯორჯიან მანგანეზი“ სრულად აცნობიერებს უდიდეს პასუხისმგებლობას თავისი ათასობით თანამშრომლისა და ქვეყნის წინაშე და ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზებით წარმოების სრული ციკლის შენარჩუნებას ახერხებს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner