საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში მაღალი დოლარიზაციაა და ამ მაჩვენებლის დასაწევად პირველ რიგში ეკონომიკის გაძლიერებაა საჭირო.
„ცოტა უფრო ძლიერი ეკონომიკა გვჭირდება და საკუთარ ვალუტაზე მეტი აქცენტის გაკეთება. ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს და ლარიც ძლიერი უნდა იყოს. საერთო ჯამში, სუსტი ეკონომიკის პირობებში ლარი ძალიან კარგად იქცევა და მოიქცა იმ დევალვაციის პირობებში.
ასეთი ეკონომიკის პირობებში ყველაფერს ანგარიში უნდა გაუწიო. ბანკები იზღვევენ თავს, ამიტომ დოლარი ურჩევნიათ, მოსახლეობამ ეს არ იცის და ამიტომ ვერ აცნობიერებს. ეს შეიძლება სახელმწიფომ რაღაც კანონით და ბერკეტებით დაარეგულიროს, ამას ექნება თავის პლუსი, მეტად დაიცავს საზოგადეობას. ექნება თავისი მინუსიც, ლარის მცურავ კურსზე ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა ამას ხელს შეუშლის. ახლო მომავალში პირველ რიგში ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ და გავაძლიეროთ ლარის მნიშვნელობა",- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.