logo_geo
eng_logo
ინგლისი ჯგუფში გალიდერდა
- +

16 ივნისი. 2016. 19:11


 

ევრო 2016-ის B ჯგუფის მეორე ტურში ინგლისის ნაკრები უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. პირველ ტურში სლოვაკეთთან მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, უელსელები მორიგი ტრიუმფისთვის ემზადებოდნენ და საკმაოდ აქტიურადაც შეუტიეს მეტოქეს.

42-ე წუთზე, გარეტ ბეილმა საკმაოდ შორი დისტანციიდან საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და ანგარიში გახსნა - 1:0. როი ჰოჯსონმა ამჯერად ცვლილებებს მიმართა და მეორე ტაიმი სტერლინგისა და კეინის ნაცვლად ვარდიმ და სტარიჯმა დაიწყეს. ამან შედეგი გამოიღო და შეტევაში ინგლისელთა თამაშსაც დაეტყო.

56-ე წუთზე, ჯეიმი ვარდიმ წონასწორობა აღადგინა. „ლესტერის" ფორვარდი თამაშგარე მდრომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ბურთი მცველისგან მიუვიდა, ამიტომ შეხვედრის არბიტრმა გოლი სამართლიანად ცნო.

არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ინგლისელებმა მეტოქეზე წნეხი გაზარდეს, რამაც შედეგი გამოიღო და დანიელ სტარიჯის გოლი ვიხილეთ. ამ გამარჯვებით ჰოჯსონის გუნდმა აქტივში 3 ქულა მიითვალა, სულ 4 დაუგროვდა და B ჯგუფში გალიდერდა. უელსის ნაკრები კი 3 ქულით მესამე ადგილს სჯერდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სლოვაკეთმა რუსეთის ნაკრებს ანალოგიური ანგარიშით - 2:1 სძლია და ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, მეოთხეადგილოსანი რუსეთის აქტივში 1 ქულაა.

ჯგუფის დასკვნით ტურში რუსეთი ქულების მოპოვებას უელსთან შეეცდება, ინგლისი კი სლოვაკეთს დაუპირისპირდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner