პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ თვის ბოლომდე არსებული სიტუაცია თუ გაგრძელდა, საავადმყოფო დაიცლება კოვიდინფიცირებულებისგან. ლევან რატიანის განმარტებით, კორონავირუსით დაავადებული ახალი შემთხვევა დღეს არ ჰქონიათ. ის ამბობს, რომ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 3 პაციენტი მკურნალობს, რომლებიც ინფიცირებული არ არიან. რატიანმა მოსახლეობას ჰიგიენური ზომების დაცვისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა წესების დაცვისკენ მოუწოდა.
„ახალი შემთხვევები არ გვქონია. რეანიმაციაში მყოფი სამი პაციენტიდან არც ერთს კოვიდინფექცია არ აქვს. თვის ბოლომდე არსებული სიტუაცია თუ გაგრძელდა, კლინიკა დაიცლება კოვიდინფიცირებულებისგან. პანდემიას ტალღისებური მიმდინარეობა ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ყველა ის ჰიგიენური ზომა, რომელიც გაცემულია რეკომენდაციით, თითოეულმა მოქალაქემ და მათ შორის მეც უნდა შევასრულოთ“ – აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, ამ დროისათვის დაწესებულებაში სულ 63 პაციენტია, მათ შორის COVID-19-ით 50 ინფიცირებული. დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.