„იცით, რატომ არაა ხელოვანი ხალხი ქუჩაში გამოსული? იმიტომ, რომ ყველა თეატრს და ხელოვან ადამიანს, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წელია ყოველთვე ხელფასს უხდის“, - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა „POSTV“- ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კულტურის სფეროს წამომადგენლების მცირე ნაწილია დარჩენილი, რომლებსაც ხელის შეწყობა სჭირდებათ მთავრობის მხრიდან, რომ კორონავირუსის პირობებში თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ.
„დახმარებას ითხოვს ადამიანთა პატარა ჯგუფი, რომლებსაც მიშველება სჭირდებათ. ამ სფეროს წამომადგენლების მხრიდან მასობრივად იმიტომ არაა პროტესტი, რომ ბიძინა ივანიშვილი წლებია უხდის ხელფასს. მადლობა ამ ადამიანს სიკეთისთვის“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მერიის კულტურის სამსახურის უფროსს ანრი ბასილაიას შეხვდნენ.
როგორც „POSTV“-ის ეთერში დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მერიას მიმართეს თხოვნით, საქართველოს დიდ ქალაქებში დამონტაჟდეს სცენა, სადაც კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლები შეძლებენ, უსაფრთხოების ნორმების ფარგლებში თავიანთი საქმიანობა განაგრძონ.