არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირების საკითხი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელთა ასოციაციის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.
შეხვედრაზე, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, რომ სავალდებულო მარკირების სისტემის ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე აღრიცხული პროდუქციის რაოდენობა 17%-ით გაიზარდა.
ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ მარკირება, არსებული ფორმით, დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ვერ უზრუნველყოფს, ვინაიდან შვეიცარიული კომპანია SICPA-ს კუთვნილი მარკირების აპარატები ხარვეზებით მუშაობს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ თემას კომპლექსური შესწავლა სჭირდება. ამ მიზნით, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბაზარზე დაკვირვება გაგრძელდება, კერძოდ, დაითვლება პროდუქციის რაოდენობრივი ზრდა და საბოლოო გადაწყვეტილება კომპლექსური ანალიზის შედეგად მიიღება.
ამასთან, შემოსავლების სამსახურს დაევალა, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი კომპანიებისა და SICPA-ს წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართოს სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც მარკირების აპარატებთან დაკავშირებულ ტექნიკურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
ბაზარზე დაკვირვება, სავარაუდოდ, 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაზრის შესწავლის პერიოდში, მარკირების საფასურის გადახდას სახელმწიფო განაგრძობს.