„მინდა შევეხო ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების საკითხს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა მეთოდებით უსწორდებოდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ მოქალაქეებს. ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ ჭაკუა გასამართლებულია ციხის კადრების დადგმასთან დაკავშირებით და არა იმ რეალურ სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებით“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჭაკუა იმ ბოროტებისა და უდიდესი დანაშაულების სისტემის შემოქმედის, ადეიშვილის თანამოაზრე, რომელმაც დადგა ეს გახმაურებული ციხის კადრები, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.
„საზოგადოებამ მოგვიანებით იხილა ის რეალური, ამაზრზენი სისაძაგლე, რაც ჩვენ საპატიმროებში ხდებოდა, მაგრამ ის ფაქტი, რაც მათ ჩაიდინეს აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რეაგირება და ძალისხმევა არ დაგვიკლია, არსებობდა და არსებობს საჭიროება, რომ ყველა მძიმე დანაშაულს გაეცეს სათანადო პასუხი. არ მინდა ჩემ პირად ისტორიაზე საუბარი, მაგრამ შევახსენებ საზოგადოებას, რომ მაშინ იყო შეთითხნილი და დადგმული ვერსია, რომ თითქოს, ჩემი ოჯახის წევრი იყო ჩართული ციხის კადრების საქმეში, რაც რაც იმდენად აბსურდული იყო, რომ იმთავითვე გახდა არადამაჯერებელი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ორი-სამი საქმე უკვე შეთითხნილი იყო ჩემზეც და ყველაფერი დაგეგმილი იყო ისე, რომ კვალი გასულიყო ჩვენი პარტიის თავმჯდომარესთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ყველა ის მძიმე დანაშაული, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა ჩადენილი საჭიროებდა და საჭიროებს დროულ გამოძიებას და შესაძლოა, არსებობდეს ლეგიტიმური და ობიექტური საფუძველი იმისა, რომ მივიღოთ კრიტიკა იმის შესახებ, რატომ არ იქნა დროულად იგივე ამ სუბიექტების ექსტრადირება თუ გასამართლება. ასევე მინდა გამოვეხმაურო ერთ საკითხს, ჩემი უწყების მისამართით გაისმა არა ერთი ცილისმწამებლური ბრალდება, მაშინ როდესაც საპირწონედ გვაქვს ასეთი მძიმე დანაშაულები, ეს ყველაფერი ცილისმწამებლური კამპანიაა და მომდინარეობს მტრული ორგანიზაციიდან, „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ჩვენ ჯეროვანი პასუხი უნდა გავცეთ მათ დაუსაბუთებელ კრიტიკას“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.