logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: შაქარა მოკვდა, ყველაფერი ნებადართულია!
- +

14 ივლისი. 2020. 01:38

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

 

ქართველობის წართმევა

 

შაქარა მოკვდა, ყველაფერი ნებადართულია!

 

ფარაზა - ,,ქართველობას გვართმევენ!" - საღლიცინოდ აქცია ლიბერალურმა კლასტერმა. ირონიულად ახსენებენ ამ სიტყვებს და დასცინიან იმ ხალხს, რომელიც ქართველობაზე ლაპარაკობს, როგორც ფენომენზე, როგორც ფასეულობაზე და მისი შენარჩუნების აუცილებლობას ქადაგებს.

 

- აბა, რაში გამოიხატება ქართველობის წართმევა ან ვის რაში სჭირდება ეგ ჩვენი ქართველობა, რომ წაგვართვას და წაიღოსო? - იტყვიან ლიბერასტები და სახეზე სარკასტული ღიმილი დაურბით იმ ,,ბნელებისა" და ,,გადმონაშთების" დასაცინად, ქართველობის წართმევა - დაკარგვაზე რომ ჩივიან.

 

გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიამ ნათლად და ხელშესახებად გვაჩვენა, ქართველობის დაკარგვა რასაც ნიშნავს.

 

ხუთი ქართველი ერთ ქართველს რომ ურტყამს, ეგ არის ქართველობის დაკარგვა!

 

ქართველი ქართველის ცემისას ხუთი ერთზე უპირატესობასაც რომ არ ჯერდება და ჩხუბში ქვას, რკინის ნაჭერს, დანასა თუ სხვა იარაღებს იყენებს, ეგ არის ქართველობის დაკარგვა!

 

ზოგადად, ძლიერი თავის ძალას მასზე სუსტის გასანადგურებლად რომ იყენებს, ეგ არის ქართველობის დაკარგვა!

 

საკუთარი თვისტომის მკვლელს იმის ვაჟკაცობა რომ არ ყოფნის, დანაშაული აღიაროს და სინდისის გადასარჩენად სასჯელი იკისროს, ეგ არის ქართველობის დაკარგვა!

 

საკუთარი თვისტომის მკვლელი მზად რომ არის, ამ ცოდვით იცხოვროს და სასჯელისაგან თავის დაძვრენის შემთხვევაში, ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს, ეგ არის ქართველობის დაკარგვა!

 

მკვლელის მშობელი რომ მზად არის, სხვისი შვილის მკვლელ საკუთარ შვილს ხელი დააფაროს, ეგ არის ქართველობის დაკარგვა!

 

ჰო, როცა იცი, რომ შენმა შვილმა სხვისი შვილი საიქიოში გაუშვა, შენ კი მისი ციხეში გაშვებაც არ გინდა, ეგ არის ქართველობის დაკარგვა!

 

ეს ნიშნავს, რომ ქართველობა, როგორც მორალური კონსტიტუცია, მოშლილი და მორღვეულია!

 

ეს ნიშნავს, რომ ქართველობა, როგორც რაინდობისა და ღირსების სინონიმი, აღარ არსებობს!

 

ქართველობის წართმევა და დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ ნორმად და ცხოვრების წესად ქცეულა ის, რაც მანამდე საქართველოში ლაჩრობად და არაკაცობად ითვლებოდა!

 

შაქარას ტრაგედიამ კიდევ ერთხელ მოგვახალა ცხვირ-პირში ეს მწარე და სამარცხვინო რეალობა.

 

შაქარას ტრაგედიამ გვაჩვენა, რომ ყველაფერი, რასაც მანამდელ საქართველოში დაწერილზე უფრო დაუწერელი კანონები კრძალავდა, სისხლის სამართლის კოდექსზე უფრო მორალური კოდექსი აწესრიგებდა, დღევანდელ საქართველოში ნებადართულია.

 

შაქარა მოკვდა, ყველაფერი ნებადართულია.

 

აი, ქართველობის დაკარგვის მთელი ტრაგიზმი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner