„ბოლო დღეების განმავლობაში შემთხვევათა ზრდა გვაქვს, რაც უდაოდ საყურადღებოა, თუმცა ეს არ არის განგაშის საფუძველი - ეს არის იმ გადაწყვეტილებების განხილვის საფუძველი, რომელიც შესაძლო, ჩვენ მომავალში დაგვჭირდეს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.
„ამისთვის ხელისუფლება მზად იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა ელოდოს COVID19-ის მეორე ტალღას.
საქართველომ ეფექტურად შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება იმიტომ, რომ ძალიან ადრეულ ეტაპზე მივიღეთ ზომები და უწყებებს შორის კარგი კოორდინაცია იყო, ასევე, იყო ეფექტური საკანონმდებლო უზრუნველყოფა, რომელზეც ოპონირება გაგვიწია ოპოზიციამ, თუმცა შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ეს საჭირო იყო და აუცილებელი.
ჩვენ მზად ვართ იმ სცენარებისთვის, რომელიც შეიძლება, რომ განვითარდეს და ვარწმუნებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან ავირიდოთ შემთხვევათა მკვეთრი მატება და მეორე ტალღის განვითარება, აქვე მინდა დაგეთანხმოთ, ამაში უდაოდ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა, მხარდაჭერა და მათი თანამონაწილეობა, რადგან ელემენტარული ზომები, ყველა ეს კომპონენტი (რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება, ადამიანებს ეჩვენებათ, რომ არ არის მნიშვნელოვანი) - პირბადის ტარება, ხელის დეტოქსიკაცია თუ სხვა, მაგალითად ბარიერები საგამოცდო პროცესში, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ყურადღება არ მოუდუნებია და ყველა ზომა შესაბამისად ხორციელდება.