„მთავარია, ჩატარდეს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რასაც ხელისუფლება უზრუნველჰყოფს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ოპოზიციის წარმომადგენლების იმ შეფასებებს საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო კომუნიკაციას მოჰყვა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყენა, მათ შორის ამერიკა ელოდება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები სამაგალითო იქნება.
„კარგად ვიცით, რომ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სესია უნდა გამართულიყო, რომელიც სამწუხაროდ, გადაიდო პანდემიის გამო. წლის ბოლომდე ჩატარდება და ეს შეხვედრა დაიგეგმა. სატელეფონო საუბარი, „ტვიტები“ თუ შემდეგი განცხადებები პირდაპირ უთითებს, რომ ეს საუბარი პოზიტიური იყო. საუბარი იყო არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ დარღვევებზე, ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე, არამედ ეკონომიკურ და ბევრ სხვა საკითხზე. პანდემიასთან ბრძოლაზე შექება მივიღეთ. მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაატარებს ძალიან დემოკრატიული და მაღალი სტანდარტით არჩევნებს ყველა პარტნიორის მხრიდან არის. როგორც პრემიერს, ასევე მმართველ გუნდს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენი ვალდებულება, პასუხისმგებლობაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს ერთ-ერთი სამაგალითო, რაც კი ჩატარებულა. ჩვენი ვალდბულებაა, ისეთი მაღალი სტანდარტით ჩატარდეს, რომ ჩვენს ოპონენტებს არ მიეცეთ პრეტენზიის გამოთქმის საშუალება. პროცესში ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები“, – განაცხადა კუჭავამ.
კახა კუჭავას განცხადებით, ხელისუფლებამ გამოწვევას თავი უნდა გაართვას და არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩაატაროს.
„მოლოდინი, რომ ყველა პარტნიორს აქვს სურვილი, საქართველოში იხილოს უფრო გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემა, რომელიც დავამტკიცეთ და მხარი დავუჭირეთ, გასაკვირი არ არის. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების ჩატარება მაღალი სტანდარტებით მოხდეს. ეს არის მოლოდინი, რომელიც აქვთ პარტნიორებს. 31 ოქტომბერი არის ის დღე, რომელსაც დიდი ხანია ველოდებით. მოლიდინის ფარგლებშია, რომ ხელისუფლებამ გამოწვევას თავი გაართვას. წინ დაძაბული არჩევნები გველოდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოშლილია ოპოზიციური სპექტრი და ცდილობენ, ყველა ხელმოსაჭიდი გამოიყენონ, დესტრუქცია შემოიტანონ და კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პოლარიზაცია იყოს. მთავარია, ჩატარდეს დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რასაც ხელისუფლება უზრუნველჰყოფს. ოპოზიცია ტყუილში იმდენჯერ დავიჭირეთ, სიმართლე რომ წამოცდეთ, არავინ დაუჯერებს“, – განაცხადა კუჭავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ასევე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა „კოვიდ-19“-ის პანდემია.