ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში უსაფრთხო ვაქცინა შემოვიტანოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები ყველა მწარმოებელთან, რომ საქართველო იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომელიც პირველი მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. ჯერჯერობით ველოდებით ისეთ ვაქცინას, რომელიც იქნება სარწმუნო და ეფექტური“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გრიპზე აიცრან.
„ჩვენ მოქალაქეებისთვის ასევე ხელმისაწვდომი გავხადეთ პნევმოკოკის ვაქცინა, ესეც მნიშვნელოვანია და ამ ვაქცინაზეც სექტემბრიდან წვდომა გვექნება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2015 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებში და ის შეტანილია ეროვნულ კალენდარში, როგორც აუცილებელი ვაქცინაცია. აღნიშნულმა მცირეწლოვნებში განვითარებული პნევმონიის რიცხვი მკვეთრად შეამცირა. მანამდე პნევმონია სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო 2-დან 5 წლამდე ბავშვებში.
ხანდაზმულთა პნევმოკოკზე აცრა შეტანილია არაერთი განვითარებული ქვეყნის კალენდარში და აქტიურად გამოიყენება, რადგან ის იცავს ხანდაზმულებს პნევმოკოკური პნევმონიის განვითარებისგან.