საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევისთვის, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში, 8 737 პირი დაჯარიმდა.
„ინტერპრესნიუსმა“ შესაბამისი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების ცნობით, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით პერიოდში 8716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა, დაკისრებული ჯარიმის საერთო ოდენობა კი 26 463 000 ლარია.
სამართალდარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა, კერძოდ 4820 ფაქტი, „კომენდანტის საათის“ დარღვევას უკავშირდება. ამასთან, გამოვლინდა 1 850 შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა 3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა / პირბადის გამოუყენებლობას, გამოვლენილია მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევის 1 406 შემთხვევა, 430 - მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილების წესის დარღვევა, 144 - თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი, 39 - აკრძალული ობიექტის ფუნქციონირების ან რეალიზაციის წესების დარღვევა, 27 - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება და 21- იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვების განმეორებით დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 227 სისხლის სამართლის საქმეზე.
შეგახსენებთ, თავდაპირველად 2020 წლის 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით გამოცხადდა. შემდგომ კი საგანგებო მდგომარეობის ვადა 22 მაისამდე გახანგრძლივდა.