„არაფერია ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობის პირველწყარო დადგენილია.
„ყოველდღიურად გვაქვს ერთეული შემთხვევები. დღეს დილის 09:00 საათისთვის იყო სამი ახალი შემთხვევა, ანუ ბოლო 24 საათში. წინა დღეებშიც ერთეული შემთხვევები იყო. როდესაც ვამბობთ, რომ მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევის პირველწყაროზე გავდივართ. არ არის არც ერთი შემთხვევა, თუ მარტის და აპრილის შემთხვევებს არ ავიღებთ, სადაც პირველწყაროზე ვერ გავდიოდით. დღევანდელი სამი შემთხვევიდანაც ერთზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, სადაც პრინციპში, ვიცით პირველწყარო და მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა. ამდენად, საპანიკო არაფერია ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არანაირი საშიშროება არ იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის, საქართველოში „კოვიდ 19“-ის 1182 შემთხვევაა დადასტურებული.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 962 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 17 პირი.