ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის შეწყალების საკითხის განხილვას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.
„ყურადღებით შევისწავლი ამ საკითხს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, აპირებს თუ არა სნოუდენის შეწყალებას.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სნოუდენის საკითხისადმი განსხვავებული მიდგომებია.
„ბევრი ფიქრობს, რომ მას სხვანაირად უნდა მოექცნენ, სხვები კი ფიქრობენ, რომ მან ძალიან ცუდი რაღაცები ჩაიდინა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სნოუდენმა 2013 წელს მედიას გადასცა გასაიდუმლოებული ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის სამსახურების მხრიდან მილიონობით ადამიანზე უკანონო ფარულ მიყურადებაზე. ამჟამად ედვარდ სნოუდენი რუსეთში ცხოვრობს.