ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად, წითელ ჯვართან ერთად აჭარაში ახალი კამპანია დაიწყო, რომელშიც მოხალისეებიც ჩაერთვებიან.
კერძოდ, ახალგაზრდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გავრცელებისა და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით იმუშავებენ.
მოხალისეებს წითელი ჯვარი გადაამზადებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან ერთად, პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა.
მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო კამპანიაშიც.
„ერთიანობით შევძელით, კრიზისი ეფექტიანად გვემართა, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება და ყველას გვმართებს, გამოვიჩინოთ ერთსულოვნება და წარმატებით გავაგრძელოთ გამოწვევებთან გამკლავება. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რითაც ვამაყობთ. ყველამ ერთად შევძელით, რომ ახალგაზრდობას რეგიონში სხვა იმპულსი, სხვა დინამიკა მისცემოდა. წითელ ჯვართან ერთად, დღეს ოფიციალურად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დაეხმარება ტურისტული სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებას“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას. ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად, პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს და უკვე 30 ათასზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება სასურსათო კალათებით, ასევე მედიკამენტებით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა, პანდემიის განმავლობაში, ევროპაში ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარეს.