„ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის მოადგილის კომენტარები ასახავს ამერიკაში, ევროპასა და რა თქმა უნდა, საქართველოში ინტერესისა და შეშფოთების დონეს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ელჩის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.
„ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები. ქართველებისთვის ეს არის შესაძლებლობა, აირჩიონ უფრო მეტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელშიც უკეთესად იქნება წარმოდგენილი შეხედულებებისა და ინტერესების მრავალფეროვნება. ვიმედოვნებ, მაჟორიტარი კანდიდატების გარდა, რომლებსაც ხალხი იცნობს, ქართველები, ასევე ყურადღებას მიაქცევენ პროპორციულ სიებს, რომელიც ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე აქამდე, რადგან უფრო მეტი კანდიდატია წარმოდგენილი. ეს არის საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი, 2024 წელს სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად. ასე რომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის კომენტარები ასახავს ამერიკაში, ევროპასა და, რა თქმა უნდა, საქართველოში ინტერესისა და შეშფოთების დონეს“, – განაცხადა ელჩმა.