„ვთხოვ ყველას, უყურონ საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაინახავენ, დარწმუნდებიან, რა გაკეთდა ვასილ მაღლაფერიძის გენერალური დირექტორობის დროს მის გუნდთან ერთად ამ წლების განმავლობაში“, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბონდო მძინარაშვილმა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ბონდო მძინარაშვილმა აღნიშნა, ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაშ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი ბევრი სასიკეთო ცვლილება განხორციელდა.
„ვიღაცისთვის შეიძლება, საზოგადოებრივი მაუწყებელი ზოგადად, შეფასებების თვალსაზრისით პოლიტიკურად აფილირებული ადამიანების მხრიდან არ არის მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ან პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანი რომ არის, ამიტომაც კეთდება ასეთი განცხადებები და ხანდახან, ძალიან შეურაცხმყოფელიც.
ვთხოვ ყველას, უყურონ საზოგადოებრივ მაუწყებელს და დაინახავენ, დარწმუნდებიან, რა გაკეთდა ვასილ მაღლაფერიძის გენერალური დირექტორობის დროს მის გუნდთან ერთად ამ წლების განმავლობაში. მადლობა მას ამისთვის. ასევე, წარმატება მინდა, ვუსურვო „ტელესკოლაში“, პროექტში, რომელიც მისი ერთ-ერთი შვილია. დარწმუნებული ვარ, „ტელესკოლა“ იქნება ძალიან წარმატებული პროექტი და გამოადგება ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას და მათ არა მხოლოდ პიროვნებებად, არამედ სწორად მოაზროვნე ადამიანების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ვფიქრობ, რომ ის ადამიანებიც იმსახურებენ მადლობას, რომლებიც ბატონ ვასილთან ერთად წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ – ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების და გამოხატვის უფლება. ეს მენეჯმენტი მათ ამ შესაძლებლობას აძლევდა და ვფიქრობ, რომ მენეჯმენტსაც პირობებს კარნახობდნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.
მოვუწოდებ მაყურებელს და მსმენელს, ვინც ყურადღებას არ აქცევდა აქამდე საზოგადოებრივ მაუწყებელს, აქტიურად უყურონ და შეაფასონ გადაცემები“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.
ვასილ მაღლაფერიძემ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დღეს დატოვა.