logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს და გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილია
- +

19 აგვისტო. 2020. 14:09

 

 

 

„მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილია“, – ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე, შაქარაშვილის საქმეზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ ექსპერიმენტს.

 

„დღემდე, არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ მევალება). თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.

 

  1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი. ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც „ტოიოტას“ ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედება, ამოცნობა). რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით? ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი. ბრეგვაძეს შეეძლო, უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა - ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა. თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.

 

  1. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი - ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე - გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე. რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით? სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილია!

 

P.S რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)“, – წერს სოციალურ ქსელში მირიან ნიკოლაძე.

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში მყოფი ორი ბრალდებული პირის ადვოკატებმა მცხეთაში საგამოძიებო ექსპერიმენტი წუხელ ჩაატარეს.

 

ბრალდებულების – ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატების თქმით, არაგვის ხეობაში ექსპერიმენტში ექვსი მოხალისე მონაწილეობდა, რომლებიც  არიან სპორტსმენები  და მათ 19 ივნისს მომხდარის ინსცენირება სცადეს.

 

ექსპერიმენტი ეპიზოდებად, ეტაპობრივად ჩატარდა: ავტოსამრეცხაოსთან, სადაც „ტოიტა ქამრის“ მარკის მანქანა გაჩერდა, ე.წ. მწვანე სახლში, სადაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე დაიმალა და ფერად შენობასთან, უშუალოდ იმ გზაზე, სადაც მოწმეების თქმით, გიორგი შაქარაშვილი გაიქცა და მას შედეგ დაიკარგა მისი კვალი.

 

ბრალდებულთა ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი პროკურატურის ბრალდების აბსურდულობას ადასტურებს.

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

 

საქმეზე ხუთი ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner