„ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს „რაშა თუდეის“ ჟურნალისტები ცვლიან“, – ამის შესახებ ბელარუსულ ვებ პორტალ „Tut.by“-თან ინტერვიუში ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა განაცხადა.
მისი თქმით, მას და ბელარუსის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ბელარუსში მიმდინარე აქციების მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ, ტელევიზიის შენობაში არ უშვებენ. მათ ნაცვლად სტუდიაში რუსი სპეციალისტები მუშაობენ.
„ისინი რუსული ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არიან“, – წერს „რადიო თავისუფლების“ ბელარუსის ბიურო.
ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც სხვა არხების ჟურნალისტებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.