ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამსახურებრივი გულგრილობის და თაღლითობის ფაქტზე დაკავებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სამინისტროს მხრიდან გამოძიებასთან შუამდგოლობის დაყენების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია, პაციენტის ოჯახს არ ჰქონდეს განცდა, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას.
„შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ საშუალება, ექსპერტების სრული ჩართულობით, უფრო მეტად გამჭვირვალე გამოძიება ჩაატაროს, სადაც პაციენტის ოჯახს არ ექნება იმის განცდა, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას და გარკვეულ მიკერძოებას აქვს ადგილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვმოქმედებთ შემდეგნაირად: საქმეში სრულად ჩავრთავთ ექსპერტებს, რათა არამხოლოდ რეგულირების სააგენტოს და არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში გაკეთდეს დასკვნები, არამედ დადგინდეს მიზანშედეგობრივი კავშირი, თუ რამ გამოიწვია პაციენტის დღევანდელი მდგომარეობა. გამოძიება არ უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ გარკვეული დოკუმენტაციების ანალიზისა და მათი შეჯერების საფუძველზე არ უნდა მიმდინარეობდეს. ექსპერტების მიერ უნდა დადგინდეს, პაციენტის დღევანდელი მდგომარეობა კონკრეტულად რომელი მანიპულაციის შედეგად გვაქვს მიღებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა საკანონმდებლო ბაზის დახვეწის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ, რეგულირების სააგენტოსთან ერთად, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი და ასიციაციები დავიწყებთ თითოეული საექიმო საქმიანობის დეტალურ გაწერას და იმ შესაბამისობაში მოყვანას, სადაც ექიმს შეეძლება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოდ ჩაატაროს მანიპულაცია, რაც სამართლებრივ ჭრილში, მოსამართლისა და გამომძიებლისთვის მეტად ცხადს გახდის, თუ სად გადის ზღვარი ექიმის დანაშაულსა და ექიმის პასუხისმგებლობას შორის.
სამინისტრო უკვე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ იყო იმის ინიციატორი, რომ დროულად დაწყებულიყო ყველა საკანონმდებლო ცვლილება ქვეყანაში, რათა საბოლოო ჯამში, მიგვეღო კანონი, რომელიც ერთი მხრივ, იცავს პაციენტის ინტერესებს და მეორე მხრივ, ექიმს აძლევს საშუალებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეასრულოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგასენებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო, პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.