logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში ყოველდღიურად კორონავირუსის 26 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება
- +

20 აგვისტო. 2020. 15:06

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში ყოველდღიურად კორონავირუსის 26 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ გააკეთა.

 

მისი თქმით, „კოვიდ 19“-ის პანდემიის ეპიცენტრი ახლა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებია, თუმცა გლობალურად აღრიცხული ინფიცირებულების 17 პროცენტი ევროპაშია აღრიცხული.

 

„ვირუსის დაბრუნების რისკი ყოველთვის არსებობდა. ბოლო ორ თვეში ვირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მდგრად ზრდას განაგრძობს. აგვისტოს პირველ კვირაში, ევროპაში ივნისთან შედარებით, 40 000-ით მეტი ახალი ინფიცირებული აღრიცხეს. ეს ნაწილობრივ იმის გამო ხდება, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური ზომები შემსუბუქდა და მოქალაქეები სათანადო სიფრთხილეს აღარ იჩენენ“, – განაცხადა კლუგემ.

 

კლუგემ, ასევე ისაუბრა ევროპის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე და განაცხადა, რომ ამ თემაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 ქვეყნის წარმომადგენელი ერთობლივად იმსჯელებს.

 

„შესაძლოა, მივმართოთ ისეთ ზომებს, როგორიცაა ჰიგიენური ნორმების დაცვა და ფიზიკური დისტანციის დაცვა. ასევე, განიხილება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა თუ ვირუსის გავრცელება ლოკალურ დონეზე, რომელიმე სკოლაში ან რეგიონში მოხდება. სკოლები უნდა გაიხსნას იქ, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია. ასევე, აუცილებელია გაკვეთილების ცხრილის შექმნილ სიტუაციასთან ადაპტაცია და სკოლებში მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვა იქ, სადაც ვირუსი უფრო მეტადაა გავრცელებული, ხოლო იმ რეგიონებში სადაც ვირუსის გავრცელება მაღალია, სკოლები შეიძლება არ გაიხსნას“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

 

მისივე თქმით, ახალგაზრდები ვირუსის გავრცელების შეჩერებაში უფრო მეტად უნდა ჩაერთონ.

 

„ახალგაზრდებს არ სურთ ზაფხულის გამოტოვება, მაგრამ ყველა შეშფოთებულია, რომ უფრო მეტი ახალგაზრდაა ინფიცირებული. ბოლო კვლევების მიხედვით, გლობალურად 15-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ინფიცირებულთა რიცხვი თებერვლის ბოლოს 4,5%-ი იყო, ივლისის შუა რიცხვებში კი 15 პროცენტია. ის რომ ახალგაზრდებს ნაკლები საფრთხე ემუქრება, არ ნიშნავს, რომ ისინი დაუცველები არიან“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner