logo_geo
eng_logo
ბელარუსული ჭიდილი „ვაგნერის“ ირგვლივ – რა უნდოდა პუტინის „მზარეულის“ ხალხს მინსკში
- +

21 აგვისტო. 2020. 12:21

 

 

 

29 ივლისს, მინსკთან ახლოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 32 წევრი, ხოლო კიდევ ერთი მათგანი, ბელარუსის სამხრეთით დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ პირები, რომლებიც ოკუპირებული დონბასის საომარ მოქმედებებში რუსეთის სასარგებლოდ მონაწილეობდნენ.

 

ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურები ამბობენ, რომ „ვაგნერის“ წევრები ქვეყანაში არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მოსაწყობად იმყოფებოდნენ. 30 ივლისს, უკრაინამ მებრძოლების ექსტრადირებასთან დაკავშირებით, მინსკთან კონსულტაციები დაიწყო. 7 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კიევს დაკავებულების მიერ დანაშაულის ჩადენა უნდა დაემტკიცებინა. 9 აგვისტოს კი, თქვა, რომ ვლადიმირ პუტინისგან ხუთგვერდიანი წერილი მიიღო. 11 აგვისტოს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ექსტრადირების ოფიციალური მოთხოვნით ბელარუსს მიმართა და განაცხადა, რომ ყველა დაკავებული უკრაინაში ტერორიზმში ბრალდებული იყო. თუმცა, 14 აგვისტოს, ბელარუსმა „ვაგნერის“ 32 წევრი რუსეთს გადასცა.

 

ვინ იყვნენ დაკავებულები და რა ინფორმაცია გვაქვს მათზე?

 

„ვაგნერი“ რუსი ოლიგარქის და პუტინის „მზარეულის“, ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფებაა. „ვაგნერის“ წევრები დონბასის საბრძოლო და საოკუპაციო მოქმედებებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ვლადიმირ პუტინი, ბუნებრივია, დაჯგუფებასთან კავშირს უარყოფს, თუმცა, ყველამ იცის, რომ ჯგუფის ლიდერი დიმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმსა და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა. 2016 წლის 9 დეკემბერს, კრემლში „სამშობლოს გმირების დღესთან“ დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, უტკინმა პუტინთან ერთად ფოტოც კი გადაიღო. საინტერესოა, რომ „ვაგნერის“ წევრები წვრთნებს კრასნოდარში, მოლკინოს სამხედრო-საწვრთნელ ბაზაზე გადიან. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც.

 

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო კომპანიების ოპერაციების შესახებ არაფერი სმენია, თუმცა, მებრძოლებს სახელმწიფო ორდენებით აჯილდოვებს. 2015 წლის იანვარში, დონბასში დაღუპული „ვაგნერის“ ორი წევრი, ანდრეი ელმეევი და ანდრეი შრეინერი, სიკვდილის შემდეგ ასეთი ორდენებით დააჯილდოეს. „ვაგნერის“ წევრები რუსეთის სამხედრო ძალების ტრანსპორტით, საწვრთნელი ბაზებით და სამხედრო საავადმყოფოებით სარგებლობენ.

 

„ვაგნერი“ ლიბიისა და სირიის კონფლიქტებთან ერთად ჩართულია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და სუდანის კონფლიქტებში. 2018 წელს ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას შეეცადნენ, თუმცა, ისინი ჟურნალისტური გამოძიების დროს მოკლეს და საქმე ჯერაც არავის გამოუძიებია.

 

 

ბელარუსში დაკავებული „ვაგნერის“ მებრძოლები რუსულ ტელეარხ „Россия 24“-თან საუბარში აცხადებდნენ, რომ მათ ნავთობთან დაკავშირებული „სამსახური“ ლიბიასა და სირიაში შესთავაზეს. ერთ-ერთმა მათგანმა დასძინა, რომ დამსაქმებლის მოთხოვნების სიაში საომარ მოქმედებებში გამოცდილება შედიოდა, განსაკუთრებით დონბასსა და სირიაში. მათ განაცხადეს, რომ სანატორიუმ „ბელორუსაჩკას“ ჯანმრთელობის ცენტრში დროებით განათავსეს და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელარუსში არჩევნები იყო დაგეგმილი.

 

გაჩნდა ვერსიაც, რომ ბელარუსში დაკავებული ჯგუფის წევრები სუდანისკენ მიემართებოდნენ. თუმცა, ვარაუდი, რომ კორონავირუსის გამო დაკავებულები ბელორუსს ტრანზიტად იყენებდნენ, ბოლომდე დამაჯერებელი არ არის. კორონავირუსთან დაკავშირებულ აკრძალვებამდეც, რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების წევრები თითქმის არასდროს სარგებლობდნენ ჩვეულებრივი რეისებით, რადგან პირდაპირ გამოჩნდებოდა, რომ მათ რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს. ვინაიდან კრემლი „ვაგნერის“ დახმარებით წარმატებით ახერხებს ერთდროულად ყველგან და თან არსად ყოფნას, ამიტომ ნებისმიერი რამ, რაც შესაძლებელია მოგვიანებით მტკიცებულებად გამოდგეს, მისთვის ზედმეტია. ხალხმა ამ ადამიანებს –ихтамнет შეარქვა. საინტერესოა, რომ 33 დაკავებული იდეალურად აკმაყოფილებს ტიპიური ოცეულის შემადგენლობის კრიტერიუმს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულ პირებს შორის სულ მცირე, სნაიპერთა გუნდის ერთი ხელმძღვანელია. ეს ანდრეი ბაკუნოვიჩია. ის, რომ ჯგუფმა ბელორუსის ტერიტორიაზე არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეაღწია, უკრაინის ევრომაიდანის მოვლენებთან ასოციაციასაც აჩენს. ეს სცენარი თითქოს „კარგად დავიწყებული ძველია“. ყველას გვახსოვს, როგორ დაიწყო 2014 წლის უკრაინის ცნობილი მოვლენები, მაშინაც თავდაპირველად „ვაგნერის“ 5-15 წევრი შევიდა ყირიმის ტერიტორიაზე, ისინიც ჩუმად განთავსდნენ ადგილობრივ სასტუმროებში. შესაძლებელია, რომ დაკავებულები ბელარუსში სწორედ ამგვარი გეგმის განხორციელებისთვის ჩავიდნენ, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბელარუსი სულ უფრო შორს მიიწევს რუსული ორბიტისგან და ეს კრემლს ასე ძალიან არ აწყობს.

 

თემურ არაბული

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner