„საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე.
თალაკვაძის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას შეასრულებს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს.
„საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენი ტერიტორიებია ოკუპირებული. ამიტომ, თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს, თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე საუბარი. საქართველოს არჩევანი არის მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა“, – განაცხადა თალაკვაძემ.