“მელას რაც ელანდებოდაო – ასეთი რამე გამოსდის ვაშაძეს. მისი ფიგურა ნამდვილად არ იქნება გამაერთიანებელი”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” საუბრისას “სტრატეგია აღამაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პროდასავლური კოალიციის მოლოდინი აქვს, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც თავად იქნება.
საყვარელიძის შეფასებით, ანეკდოტური სიტუაცია იქმნება, როდესაც პოლიტიკური პარტიები წინასწარ მსგავს განცხადებებს აკეთებენ.
“ანეკდოტური სიტუაციაა და ამ ანეკდოტურობას ქმნიან თვითონ, თავიანთი განცხადებებით, ჯერ გაიმარჯვონ, გამარჯვების შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ მათ ვინმე ჰკითხავს პრემიერობის ამბავს, შემდეგ გადაწყვიტონ ვინ იქნება პრემიერი. მე მეეჭვება, რომ მაინცდამაინც ვაშაძე იყოს, რადგან ვაშაძის მიმართ თვითონ ოპოზიციაში საკმაოდ მკვეთრი დამოკიდებულებაა. მიუღებელია ის “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელსაც წამყვანი პოზიცია აქვს ოპოზიციურ სპექტრში. რაც შეეხება ზოგად შეფასებას, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებმა შექმნან კოალიცია, ეგეც ანალიტიკოსების მხრიდან ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ის პარტია, რომელმაც თავის დროზე დაუკანონა დამატებითი ტერიტორიები აფხაზეთის და ცხინვალის არსებულ ხელისუფლებას, რომელმაც წამოიწყო ომი და შემდეგ ფაქტიურად დათმო, რომელმაც მთელი საკვანძო ობიექტები რუსეთს გადასცა, არაა აღქმული, როგორც რუსეთისთვის ცუდის გამკეთებელი პარტია”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ვაშაძე ვერ იქნება ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ფიგურა, რადგან მას “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერა არ აქვს. “ლაპარაკი არის, ოპოზიციური პარტიების გარკვეულ ჯგუფზე, ე.წ. “ნათელაშვილის ფანჩატურის” პარტიებზე, რომლებიც ერთმანეთს არ ინდობენ მაჟორიტარულ ოლქებში და პრემიერობის კანდიდატურაზე დაუთმობენ ერთმანეთს რამეს?
„მელას რაც ელანდებოდაო – ასეთი რამე გამოსდის ვაშაძეს”, – დასძენს საყვარელიძე, რომლის აზრით, მისი ფიგურა ნამდვილად არ იქნება გამაერთიანებელი”, – წერს სტატიის ავტორი.