პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ტელემაყურებლების წინაშე დაიფიცა, რომ არასდროს აუღია რუსული ფული და მისი ყოველი მოქმედება საქართველოს სიყვარულით და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით არის განპირობებული.
„მე, ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მოქალაქე, ღვთისა და ერის წინაშე და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული, არც დავით თარხან-მოურავს არასდროს არ აუღია რუსული ფული.
მე, ირმა ინაშვილი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ ყოველი ჩემი მოქმედება გამჭვალულია საქართველოს სიყვარულით, თავგანწირვით საქართველოსადმი, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით! ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე ამას ვაკეთებ, თბილისშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც, ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.