COVID19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და დაძაბულია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, თუმცა ნამდვილად მინდა განვაცხადო, რომ ეს არაა პანიკის საფუძველი და ვითარება კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი კონტროლზეა. „ასევე კონტროლდება მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, განსაკუთრებით ახლო კონტაქტი. რომლებიც გადაყვანილი არიან კლინიკებში ან იმყოფებიან თვითიზოლაციაში, მათ უტარდებათ შესაბამისი PCR ტესტირება“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის რომ კოვიდინფიცირებულთა ნაწილის წყარო ცნობილი არაა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დაზუსტდება.
„ეპიდემიოლოგიური მოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. ჩვენ წინა დღეებშიც გვქონდა ასეთი რამდენიმე შემთხვევა. პრაქტიკულად შიდა გადაცემა გვაქვს ქალაქში, მაგრამ უკონტროლო სიტუაცია პაციენტებთან და კონტაქტების მიდევნებაში ნამდვილად არაა. სრულად ვფლობთ აღნიშნულ სიტუაციას. ყველა არის მეთვალყურეობის ქვეშ და გვაქვს კომუნიკაცია. აჭარის სამთავრობო შტაბი, მუდმივადაა კავშირში ცენტრალურ შტაბთან. ვიღებთ რეკომენდაციებს“, - განაცხდა ნინო ნიჟარაძემ.
მისი თქმით რეკომენდაციები ძირითადად ეხება საწოლის ფონდის გაზრდას.
„ამისთვის ჩვენ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შევხვდებით. გარდა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკისა, ჩართო „მედალფა“, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს. მაგრამ საჭიროება რომ დადგეს, ჩვენ მობილიზებას გავუკეთებთ კიდევ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას. შემთხვევათა მეტი ნაწილი მსუბუქად მიმდინარეობს. ძალიან გვეხმარება ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც პაციენტების შემდგომი მეთვალყურეობა სპეციალურ ზონებში ხორციელდება, სადაც უკვე მე-4, მე-5 დღიდან გადაგვყავს პაციენტები და მათზე შესაბამის მეთვალყურეობას ბრიგადები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2075 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 363-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.